სოფო ნიჟარაძე - მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი

სოფო ნიჟარაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო გიმნაზია ვოკალის განხრით და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ფორტეპიანოს განხრით. შემდეგ მუსიკალური განათლების მიღებას აგრძელებს რუსეთში, სადაც დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური აკადემია RATI – GITIS და რუსეთის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი.

7 წლიდან სოფო იყო „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლში, შოუებსა და ტელეპროექტებში. ქართველ ცნობილ მომღერლებთან ერთად მან 7 წლის ასაკში შეასრულა ჯანსუღ კახიძის სიმღერა „ალილო“ კინოფილმიდან „იავნანამ რა ჰქნა“ 8 წლის სოფო გახდა საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის „ბრავო ბრავისიმოს“ ლაურეატი, რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა „მინი ლა-სკალაში“ იტალიაში. 9 წლის სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი „Sous Le Ciel De Paris”. ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია. მოსკოვში სწავლის პარალელურად თამაშობდა მთავარ როლებს სპექტაკლებსა და მიუზიკლებში, როგორიცაა „ჩხიკვთა ქორწილი“, „რომეო და ჯულიეტა“ „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „ჰელოუ დოლი“ „ვესტსაიდური ამბავი“.

2005 წელს სოფო ნიჟარაძე რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“. საქართველოში დაბრუნელბული სოფო ქართველი მსმენელის წინაშე გამოჩნდა 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნილ ოფიციალურ საღამოზე.

სოფო ნიჟარაძემ 2010 წელს შეასრულა დუეტი მიუზიკლიდან „ვესტსაიდის ისტორია“ მსოფლიოში აღიარებულ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად. ამის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოფო ნიჟარაძე 2010 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმდგენად დასახელდა. მაისში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროვიზიის კონკურსზე სოფომ წარადგინა საქართველო სიმღერით “Shine”, სადაც მე-9 ადგილი მოიპოვა. ამის შემდგომ დაიწყო სოლო საკონცერტო გამოსვლები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთსა და აზერბაიჯანში, სოფომ თურქული სიმღერაც შეასრულა, რომლის პრემიერა CNN თურქზე შედგა.

შემდეგ საახალწლო გალა კონცერტებზე დუეტებს ასრულებს ისეთ დიდ მომღერლებთან, როგორებიც არიან ანდრეა ბოჩელი და ხულიო იგლესიასი.

2010-2012 წლებში შეასრულა მთავარი როლი ქართულ მიუზიკლებში: „ქეთო და კოტე“ და „ვერის უბნის მელოდიები“. 2008 წელს მან თავისი პირველი სოლო ალბომი “Who You Are” გამოუშვა. 2014 წელს მისი მეორე ალბომი სახელწოდებით „We Are All” გამოიშვა.

2010 წლიდან ორი სეზონის მანძილზე სოფო მასშტაბური პროექტის „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი იყო. შემდეგ პროექტ “X ფაქტორი“-ს ჟიურის წევრი, სადახ ახლა მესამე სეზონს ატარებს.