ვალერიან შიუკაშვილი - პიანისტი

ვალერიან შიუკაშვილმა პირველი გაკვეთილები ფორტეპიანოში 12 წლის ასაკში მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, პედაგოგ დოდო ცინცაძის კლასში. სულ მალე მან კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოცარტის 23-ე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა ორკესტრთან ერთად, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პიანისტს მიაჩნია, რომ 12 წლის ასაკში მოზარდი თავად ირჩევს სპეციალობას და შეგნებულად და სწორად ეუფლება შერჩეულ დარგს.
1992 წელს ვალერიანი მიემგზავრება საკავშირო კონკურსზე რუსეთში, სადაც მას ლაურეატის წოდებას ანიჭებენ, რის შემდეგაც იწვევენ მოსკოვში სკოლა -სტუდია „Юные дарования“ -ში , სადაც 1 წლის განმავლობაში სწავლობს. ამის შემდეგ ვალერიანი აბარებს მოსკოვის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში და თბილისის მუსიკალური სკოლის პარალელურად იგი სწავლას აგრძელებს მოსკოვში, ნინა მაკაროვას კლასში.
1993 წელს ვალერიანი ხდება საერთაშორისო საქმელმოქმედო პროგრამა „Новые имена“-ს ლაურეატი და წარადგენს ამ საქველმოქმედო ფონდს არაერთ კონცერტზე და ისეთი ადამიანების წინაშე, როგორებიც არიან: მარგარეტ ტეტჩერი, რომის პაპი იოანე პავლე II, სოფი ლორენი, ჯორჯ ბუში, კლაუდია შიფერი, მიხეილ გორბოჩოვი, ედუარ შევარდნაძე, ბორის ელცინი და სხვები. მას აქვს კონცერტები როგორც რუსეთში, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ვალერიან შიუკაშვილის სახელი ოქროს ასოებით შედის XXI საუკუნის ვარსკვლავების წიგნში.

1997 წელს სკოლის დამთავრებისთანავე ვალერიანი ბრუნდება საქართველოში და უგამოცდოდ აგრძელებს სწავლას თბილისის კონსერვატორიის რექტორთან, კომპოზიტორ და პიანისტ ნოდარ გაბუნიასთან. ვალერიან შიუკაშვილი აქტიურად იწყებს მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში და ღებულობს უმაღლეს ჯილდოებს:

1992 ლაურეატის წოდება საკავშირო კონკურსზე (ვლადიმირი, რუსეთი)
1995 გრან-პრი ბელორუსიის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე (მინსკი, ბელორუსია)
1997 III პრემია და ლაურეატის წოდება თბილისის პიანისტთა I საერთაშორისო კონკურსზე (საქართველო, თბილისი)
1998 გრან-პრი დობრიჩის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ბულგარეთი)
1998 I პრემია ისრაელის საერთაშორისო კონკურსი (ბეერ-შევა, ისრაელი)
2000 გრან-პრი მარია იუდინას სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (სანტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2001 საქართველოს სახელმწიფო პრემია „წინანდალი“
2004 გრან-პრი ჰელენა სა ე კოშტას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (პორტო,პორტუგალია)
2008 საერთაშორისო პრემია „EUTERPE“ (ფრანკფურტი, გერმანია)
2012 გრან-პრი ბადენ-ბადენის საერთაშორისო კონკურსზე (ბადენ-ბადენ, გერმანია)

ნოდარ გაბუნიას გარდაცვალების შემდეგ, 2000 წელს, ვალერიანი აგრძელებს სწავლას პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასში, სადაც წარმატებით ამთავრებს მაგისტრატურას და ასპირანტურას.
24 წლის ასაკში პიანისტს უკვე საკუთარი ეროვნული კონკურსი აქვს, რომელიც ნოდარ გაბუნიას სახელს ატარებს. 2013 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი ენიჭება.
ვალერიან შიუკაშვილს იწვევენ როგორც კონცერტებით, ასევე სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე ჟიურის წევრად და მასტერკლასების ჩასატარებლად. მას აქვს გამოშვებული 11 CD. 2010 წლიდან იგი არის საქართველოს ხელოვნების აკადემიის დირექტორი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აარსებს ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებს.
ვალერიანი აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ზრუნავს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების პროფესიულ ზრდაზე.
2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი ხსნის მუსიკის აკადემიას, სადაც ვალერიან შიუკაშვილს აკადემიის დირექტორად იწვევენ.